EN

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ

დამოუკიდებელი ცხოვრების შშმ ქალთა ცენტრი (ყოფილი ქალი და რეალობა)

 

1.დაფუძნების ისტორია

საინიციატივო ჯგუფი „ქალი და რეალობა“ (W&R) 2008 წელს შექმნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ქალებმა, მოტივირებულმა მშობლებმა და მათმა თანამოაზრეებმა. ჯგუფის ჩამოყალიბების პირველადი იმპულსი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომით დაზარალებული, შიდა ქართლიდან დევნილი მოსახლეობისა და, პირველ რიგში, შშმ ქალების მხარდაჭერა გახდა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით, ფორსმაჟორულ სიტუაციაში W&R-მა ოპერატიულად უპასუხა შშმ ქალთა სოციალური რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის კრიტიკულ საჭიროებებს.

2012 წლის 19 ივნისს საინიციატივო ჯგუფმა მიიღო ოფიციალური იურიდიული სტატუსი და დარეგისტრირდა, როგორც ა(ა)იპ „კავშირი ქალი და რეალობა“ (W&R).

მისია  - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების  გათანაბრება საზოგადოების სხვა დანარჩენი  წევრების უფლებებსა და შესაძლებლობებთან. 

მიზნები:  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე   ქალების(გოგონების) ღირსების, უფლებებისა  და თავისუფლების დაცვა; სფეროში  მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების განვითარება;  ახალგაზრდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე   გოგონების უფლებებისა  და თავისუფლების დაცვისათვის, მათი ნიჭისა  და უნარის განვითარებისათვის და  საზოგადოებაში დამკვიდრებისათვის ხელის შეწყობა; 

ორგანიზაცია 2014 წლიდან აქტიურად მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა თემის განვითარების მიმართულებით, რაც გულისხმობს, თემში ლიდერთა ჯგუფების ჩამოყალიბება-გაძლიერებას და მათ წინაშე არსებული გამოწვევების ადვოკატირების პროცესში ჩართულობის ხელშეწყობას. აღნიშნული აძლიერებს შშმ ქალთა თემის თანამშრომლობას საკუთარი უფლებების ადვოკატირების საკითხებში როგორც ეროვნულ ისე ადგილობრივ დონეზე. 

ორგანიზაციის ადვოკატირების შედეგად:

-ადამიანის უფლებათა დაცვის 2018–2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმაში აისახა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელმისაწვდომობის საკითხი ოჯახის დაგეგმვის სერვისებსა და ასაკის შესაბამის სქესობრივ და რეპროდუქციულ განათლებაზე.

- ინკლუზიური და ადაპტირებული ჯანდაცვის ხელშეწყობა: პირველად საქართველოში 2017-2018 წლებში, თბილისის მერთან არსებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოში, ორგანიზაციის ინიციატივით დაისვა სკრინინგ-ცენტრების ადაპტირებული გინეკოლოგიური და მამოლოგიური აპარატურით აღჭურვის საკითხი, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ქალებისთვის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ემსახურება.

- ადგილობრივ პოლიტიკასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა საჭიროებების ინტეგრირება: ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს თბილისის და საქართველოს რეგიონების (კახეთი, იმერეთი, სამეგრელო, გურია რაჭა და სამცხე ჯავახეთი) ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ქალთა საჭიროებები აისახოს ადგილობრივ პოლიტიკაში და ხელი შეეწყოს მათ უფლებებზე მორგებული სერვისებისა და ინიციატივების განვითარებას.

- პირველად საქართველოში საარჩევნო  პროცესებში შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე  ქალთა ჩართულობის  მხარდასაჭერად, საქართველოს გენდერული თანასწორობის ქსელთან კოორდინირებული თანამშრომლობით,   აჭარის რეგიონში განხორციელებულია შეხვედრა  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ქალ კანდიდატებთან (2014წ.). 

2023 წელს ორგანიზაციამ შეიცვალა საფირმო სახელი და კავშირი ქალი და რეალობა“ შეიცვალა შემდეგი სახელწოდებით -  „დამოუკიდებელი ცხოვრების შშმ ქალთა ცენტრი“. 

სახელის ცვლილება არ უკავშირდებოდა ორგანიზაციის მისიისა და ხედვის ცვლილებას. პირიქით, ეს იყო ორგანიზაციის განვითარების ახალი ეტაპი, რომელიც მიზნად ისახავდა იმ ღირებულებების, პრინციპებისა და იდეოლოგიური ჩარჩოს უფრო მკაფიოდ წარმოჩენას, რომლებიც ორგანიზაციას დაფუძნების დღიდან აერთიანებს და ეფუძნება გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პრინციპებს. 

ამავე პერიოდში ორგანიზაციამ გააფართოვა თავისი საქმიანობის სამიზნე ჯგუფი და მოიცვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე   პირთა თემი მთლიანობაში და მათი ოჯახის წევრები. ამასთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე   ქალებისა და გოგონების უფლებები და საჭიროებები კვლავ რჩება ორგანიზაციის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად.

საქმიანობის გაფართოებასთან ერთად ორგანიზაციამ გააძლიერა და განავითარა შემდეგი მიმართულებები:

  • ინდივიდუალური და სისტემური ადვოკატირება;
  • ურთიერთდახმარებისა და თანატოლთა მხარდაჭერის მექანიზმების განვითარება;
  • შშმ პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ინფორმაციისა და მხარდაჭერილი რეფერალის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
  • ფსიქოსოციალური მხარდაჭერისა და სხვა საჭირო სერვისების განვითარება;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე   პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხისა და საზოგადოებაში სრულყოფილი ინკლუზიის ხელშეწყობა;
  • ქალთა პოლიტიკასა და დღის წესრიგში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე   ქალთა საკითხების ინტეგრირების ხელშეწყობა;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირების/ქალების მიმართ სამართლიანი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერა.

ორგანიზაციის განვითარების ეს ეტაპი ეფუძნება ხედვას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე   პირთა უფლებების დაცვა მოითხოვს როგორც ინდივიდუალური საჭიროებების მხარდაჭერას, ისე სისტემურ ცვლილებებზე მუშაობას. შესაბამისად, ორგანიზაცია აგრძელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე   ქალთა უფლებების ადვოკატირებას და ამ მიმართულებას აერთიანებს უფრო ფართო საქმიანობასთან, რომელიც მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე   პირთა და მათი ოჯახების გაძლიერების, დამოუკიდებელი ცხოვრების, თანასწორი მონაწილეობისა და ინკლუზიური საზოგადოების განვითარებისკენ.

 

„თანასწორობის აკადემიის“ დაფუძნება

2025 წელს, ორგანიზაციის განვითარების ახალ ეტაპზე, შშმ პირთა საკითხებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობის გაძლიერების მიზნით, „დამოუკიდებელი ცხოვრების შშმ ქალთა ცენტრმა“ დააფუძნა შიდა სტრუქტურული ქვედანაყოფი — „თანასწორობის აკადემია“.

აკადემიის შექმნა მიზნად ისახავს ცოდნისა და პრაქტიკული კომპეტენციების განვითარებას, ინკლუზიური მიდგომების გავრცელებას და შშმ პირთა უფლებებსა და საჭიროებებზე მორგებული სერვისების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობას.

„თანასწორობის აკადემიის“ საქმიანობა მოიცავს:

 

  • საგანმანათლებლო რესურსებისა და ინკლუზიური მეთოდოლოგიების შემუშავებას;
  • პერსონალური ასისტენტის სერვისის განვითარების ხელშეწყობას — პერსონალური ასისტენტების მომზადებისა და გადამზადებისთვის სპეციალიზებული სასწავლო მოდულების შექმნასა და განვითარებას;
  • ინკლუზიური ფსიქოლოგიური მხარდაჭერის განვითარებას — შესაბამისი სპეციალიზებული სასწავლო მოდულების შემუშავებას და სპეციალისტების გადამზადებას ბიოფსიქოსოციალური მიდგომისა და ტრავმაზე ინფორმირებული ზრუნვის მიმართულებით;
  • შშმ პირთა, მათ შორის შშმ ქალებისა და გოგონების, ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას — დასაქმებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარებას;
  • შშმ პირთა და მათი ოჯახის წევრების არაფორმალური განათლების მხარდაჭერას,

მათ შორის:

  • დასაქმებისთვის საჭირო ძირითადი უნარების განვითარებას და ღია შრომის ბაზარზე ჩართვისთვის საჭირო ცოდნის გაძლიერებას;
  • ციფრული ტექნოლოგიებისა და დისტანციური დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ცოდნის განვითარებას;
  • სოციალური მეწარმეობისა და ბიზნესის საფუძვლების სწავლებას.

„თანასწორობის აკადემია“ ამ მიმართულებებით ხელს შეუწყობს როგორც შშმ პირთა და მათი ოჯახის წევრების გაძლიერებას, ისე პროფესიონალებისა და მომსახურების მიმწოდებლების ცოდნისა და პრაქტიკული კომპეტენციების განვითარებას, რაც საბოლოო ჯამში მიმართულია უფრო თანასწორი და ინკლუზიური გარემოს შექმნისკენ.

 

ძირითადი პროგრამები და მომსახურებები:

  • „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ „პერსონალური ასისტენტის მომსახურების ქვეპროგრამის“ ფარგლებში -პერსონალური ასისტენტის მომსახურების სერვისი
  • უფასო, ხელმისაწვდომი და ინკლუზიური ფსიქოლოგიური დახმარების სერვისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის.